მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | ფაილების კატალოგი | რეგისტრაცია | შესვლა

მენიუ

მუსიკა



შესვლის ფორმა

მთავარი » ფაილები » ხარისხი მაღალი

ზღაპრები
09.05.2011, 13:34

ასფურცელა



იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო ერთი ცოლ-ქმარი. ჰყავდა სამი შვილი: ორი ვაჟი და ერთი ქალი. მამა ადრე გარდაიცვალა. დედამ უთხრა შვილებს: - შვილებო, თქვენ დედულ-მამულს რატომ არ მოუვლითო?

შვილებმა არ იცოდნენ თუ დედულ-მამულლი ჰქონდათ. დედას უთხრეს:

- ჩვენ რომ წავიდეთ, საჭმელი ვინ უნდა წამოგვიღოსო? - დედამ უთხრა:

- თქვენს დას გამოვატანო.

მართლაც, გაუმზადა ერთი კვირის საგზალი და თან ხახვი გაატანა. გზადაგზა რომ იაროთ, ეს ხახვის ნაფცქვენები ყარეთ გზაშიო. თქვენი და გამოყვება ამ ნაფცქვენებს და მოგაგნებთო. გზაზე ერთი სოფელი იყო გასავლელი. იქ ცხოვრობდა ასთავიანი დევი, რომელსაც ჰყავდა ბებერი დედა. ამოვიდა, მოკრიფა ხახვის ნაფცქვენები და თავის გზაზე დაყარა. ერთი კვირის შემდეგ დედამ თავის ქალიშვილს გაატანა ბიჭების საჭმელი. მისდევს იგი ხახვის ნაფცქვენებს, მიადგა ასთავიანი დევის სახლს. დახვდა ასთავიანის დედა შინ. მოხუცს ძალლიან მოეწონა ქალი და უთხრა:

- მოდი, შვილო, ახლოს, თორემ ჩემმა შვილმა რომ დაგგინახოს შეგჭამსო.

ქალი მივიდა მოხუცთან. დედაბერმა დამალა. მოვიდა დევი და დედას ჰკითხა:

- დედი, ადამიანის სუნი მომდისო.

- არა, შვილო, აქ ადამიანს რა უნდაო. - ბოლოს გამოტყდა დედა: - თუ არ შეჭამ, გამოგიჩენო.

გამოუჩინა ქალი. ასთავიან დევს ძალიან მოეწონა, შეირთო ცოლად.

რაკი დანიშნულ დროზე ამ ძმებს ხარჯი არ ჩაუტანა, ბიჭები შინ წამოვიდნენ. დედას უთხრეს: - რატომ ხარჯი არ გამოგვიგზავნეო?

დედამ იცოდა, იმ სოფელში რომ ასთავიანი დევი იყო და დაიწყო ტირილი: - ჩემს შვილს ასთავიანი დევი შეჭამდაო. ძმებმაც გაიგეს ეს ამბავი და გაემგზავრნენ დის დასახსნელად. როდესაც მივიდნენ, გამოიხედა ბებერმა. დაიწყო ჩხუბი:

- ჩემი შვილის შიშით მაღლა ფრინველს ვერ გაუვლია, დაბლა ჭინჭველასაო. ვაჟებმა უთხრეს რომ ის ქალი მათი და იყო, მოხუცმა მიიპატიჟა შინ. ასთავიანი დევი სანადიროდ იყო წასული. როდესაც დევის მოსვლის დრო დადგა, დედაბერმა ვაჟები დამალა. მოვიდა დევი, მოიტანა ნანადირევი და გაიგო, რომ აქ ვიღაცა იყო. დედამ უთხრა:

- თუ არ შეჭამ, გამოგიჩენო.

მართლაც, გამოუჩინა დედამ და შეუდგნენ ვახშმის მზადებას. სანამდის ორნი ერთ ირემს გაატყავებდნენ, მანამ ასთავიანმა დევმა მოხარშა კიდეც. მიიპატიჟა ცოლისძმები და ჰკითხა: - ხორცის კაცნი ხართ, თუ ძვლისანიო? ცოლისძმებს შეეშინდათ და უთხრეს: - ძვლის კაცები, ხორცი რა ჩვენი საქმეაო. მართლაც, ასთავიანი დევი ხორცს ჭამს, ძვლებს კი იმათ აძლევს. მოიტანა ღვინო და უთხრა: - დოქის კაცები ხართ, თუ ყანწისაო? - დოქი რა ჩვენი საქმეა, ყანწი მოგვიტანეო. ვახშამი რომ დაამთავრეს, დევმა უთხრა: - ლოგინის კაცები ხართ, თუ გომისაო? - ლოგინი რა ჩვენი საქმეა, გომში დავიძინებთო.

დილით ადგა ასთავიანი დევი და უთხრა დედას: - საგზალი გამიმზადე, სანადიროდ მივალო. დედამ უთხრა: - შვილო, დაბლა ორი კუტი არის, ისინი ჩაილაგეო. ასთავიანი დევი ჩავიდა გომში, ერთი შეჭამა, ერთი იღლიაში ამოიჩარა და გაემგზავრა სანადიროდ.

გავიდა დრო. ვაჟებიც დაკარგა დედამ და ქალიც. ტირის. ერთ მშვენიერ დღეს ჩამოიარა კაცმა და ეკითხება დედაკაცს, რა გატირებსო? დედაკაცმა უამბო თავისი თავგადასავალი. კაცმა ამოიღო ერთი ვაშლი, მისცა დედაკაცს და უთხრა: - ეს ვაშლი ას ნაწილად გაჭერი და დღეში თითო შეჭამეო. დედაკაცმა დაჭრა ვაშლი ას ნაწილად. დაუწყო სათითაოდ ჭამა. გაათავა თუ არა ვაშლი, გაუჩნდა ერთი ვაჟი, დაარქვა ასფურცელა. ვინც წლით იზრდებოდა, ის დღით იზრდებოდა. ერთ მშვენიერ დღეს უბნის ბიჭები კოჭაობას თამაშობდნენ. ასფურცელაც ამ ბიჭებში იყო. ერთ სოფლის დედაკაცს კოკით წყალი მოჰქონდა. ასფურცელამ ყორა გაარტყა ჯოხს, გაბზრიალდა ის ჯოხი, კოკას მოხვდა და გატეხა. დედაკაცი გაბრაზდა: - დაგწყევლო, როგორ დაგწყევლო, დედისერთა ხარ, ვერ გიმეტებო. თუ შნო გაქვს, შენი ძმები და შენი და ასთავიანი დევისაგან გამოიხსენიო!

ასფურცელამ ეს რომ გაიგო, იმ წამს შინ გაიქცა. დედას უთხრა: - ძუძუ მინდაო. დედამ დაუწყო ჩხუბი: - რაღა დროს შენი ძუძუაო! მაგრამ ასფურცელამ ძალიან და ძალიან შეაწუხა. მისცა ძუძუ. ასფურცელამ მოუჭირა კბილები და დედას შეეკითხა: - მითხარი, და-ძმები მყავს თუ არაო? დედამ უთხრა: - ასთავიან დევთან არიანო. ასფურცელა ადგა და გაემგზავრა ასთავიანი დევის სახლისაკენ. გზაზე ერთი ხევი ჰქონდა გასავლელი. ხევს რომ მიუახლოვდა, გამოჩნდა ის სახლი, სადაც ასთავიანი დევი იყო. ბებერმა შენიშნა ეს ახალგაზრდა და თქვა: - დედიშენის ღმერთსაო! მიუახლოვდა ასფურცელა იმ სახლს. შევიდა ეზოში და სიბრაზით დაიწყო სიარული. ბებერმა ჩხუბი დაუწყო ახალგაზრდას: - წადი აქედან, თორემ ჩემი შვილი მოვა და შეგჭამსო. ასფურცელამ უთხრა: - მე მოგივლი შენცა და შენს შვილსაცაო! საღამო ხანს მოვიდა დევი და მოიტანა ნანადირევი, დაინახა ვიღაც უცნობი, თვალებიდან ცეცხლი გადმოსცვივდა სიბრაზისაგან. მივიდა ახალგაზრდასთან. ახალგაზრდამ უთხრა ასთავიან დევს: - შენი ცოლისძმა ვარ და არ მიმიღებ ამაღამაო? ასთავიანი დევი დაყაბულდა და მიიპატიჟა სახლში. დაიწყეს ნანადირევის გატყავება. სანამდის ასთავიანი დევი ერთს გაატყავებდა, მანამ ასფურცელამ ორი გაატყავა, დაკუწა და მოხარშა კიდეც.

დასხდნენ ვახშამზე. ასთავიანი დევი ეუბნება ასფურცელას: - ძვლის კაცი ხარ თუ ხორცისაო? - ძვალი რა ჩემი ხელობაა, ხორცი მომიტანეო! ხორცს ასფურცელა ჭამდა, ძვლებს კი ასთავიან დევს აძლევდა. ღვინოზეც ისევე ქნა: - დოქის კაცი ხარ, თუ ყანწისაო? - ყანწი რა ჩემი ხელობაა, დოქი მოიტანეო! დაამთავრეს ვახშამი და უთხრა ასფურცელას: - მოდი, ერთი დავეჭიდოთ, რომელმაც წააქციოს, ის იყოს ნაჯობნიო. ასთავიანმა წაავლო ხელი და ნძრევაც ვერ უყო. მერე წაავლო ხელი ასფურცელამ და წააქცია. ამ დევს ძალიან შეეშინდა, უთხრა: - გომის კაცმ ხარ, თუ ლოგინისაო? - გომი რა ჩემი საქმეა, ლოგინისაო. როდესაც ჩავიდა ასთავიანი დევი გომში დაიწყო ხმლის ლესვა. ასფურცელამ გაიგო ეს ამბავი, ადგა ჩუმად, გამოაღო კარები, შეიტანა ერთი კუნძი, დადო ლოგინზე, დააფარა ზევიდან საბანი თვითონ კი კუთხეში დაიმალა. როდესაც იფიქრა ასთავიანმა დევმა, ახლა კი სძინავსო, ამოვიდა მაღლა, შეაღო კარი ჩუმად და დაუშინა ლოგინს ხმალი. ეს ლოგინი სულ ქუცმა-ქუცმა აქცია, მერე წავიდა და დაიძინა.

ასფურცელა მივიდა, გადმობერტყა ლოგინი, ჩაწვა ისევე. ასთავიან დევს ეგონა, მოვკალიო. დილით გამოეღვიძა თუ არა, ავიდა მაღლა, ნახა, ასფურცელა ისევ ლოგინში წევს და შეეკითხა: - წუხელი რწყილებს ხომ არ უკბენია შენთვისაო? - არაფერი შემიტყვიაო. ასთავიან დევს უფრო შეეშინდა და უთხრა: მოდი ერთხელაც დავეჭიდოთ და თუ კიდევ მაჯობე, შენი მონა ვიქნებიო. ასფურცელამ წაავლო ხელი, გადმოაგდო მაღლიდან, ყელამდის ჩაჯდა მიწაში ასთავიანი დევი. ამოიღო ხმალი ასფურცელამ და უთხრა: - თქვი, რა უყავი ჩემი ძმები და ჩემი და, თორემ თავებს გაგაყრევინებო. ასთავიანმა დევმა უპასუხა: - შენი და სახლში არის, შენი ძმები კი მუცელში რომ ერთი კოლოფი მაქვს იმაში სხედანო. ასფურცელამ დააჭრა თავები, გაჭრა შუაზე, ამოიღო კოლოფი, რომელშიც ისხდნენ ძმები. მონახა თავისი დას და გაემგზავრნენ შინისაკენ. ერთ მშვენიერ ალაგს ერთი მუხა იდგა. მუხასთან რომ მივიდა, ასფურცელა შეეხვეწა თავის ძმებს და დას: - აქ დავისვენოთ, ძალიან დაღლილი ვარო. არ გაუტეხეს ხათრი და დაისვენეს. ასფურცელა ცოტა ხნით მიწვა. დაენძინა. უმადურმა ძმებმა დაგრიხეს წნელები, ააყენეს მძინარე ასფურცელა, მიაკრეს მუხაზე ისე, რომ თითის ფრჩხილებიდან სისხლი გასდიოდა. გამოეღვიძა ასფურცელას. ნახა, დაბმული იყო მუხაზე.

შეეხვეწა ღმერთს: - თუ მე ვტყუი ჩემს ძმებთან. აქვე მომკალი, თუ არადა, ეს მუხა მომაგლეჯინეო. მართლაც, მოგლიჯა მუხა და შინისაკენ გაეშურა. შინ რომ მივიდა, დაუძახა თავის ძმებს: - გამოიხედეთ, ეს მუხა მაინც მომხსენითო. ძმებს ძალიან შეეშინდათ: ახლა კი დაგვხოცავს ჩვენი ძმაო. მაგრამ რას იზამდნენ: მოხსნეს მუხა. შევიდა სახლში ასფურცელა და დედას ეუბნება: - დედავ, შენი შვილები მოგგვარე, მხოლოდ ძალიან დამტანჯესო. ამათ ყურებას ვერ შესძლებ, სხვაგან უნდა წავიდეო! მართლაც ადგა და წავიდა.

ბევრი იარა, თუ ცოტა იარა, გავიდა ერთ მინდორში. ერთი რცხილა იდგა, შეჩერდა ხესთან, გაისროლა მშვილდ-ისარი. წავიდა ისარი, გადაიარა ცხრა მთა და დაერჭო ერთი სახლლის წინ. იქ ცხოვრობდა ცხრა დევი. დილით ნახეს ისარი. ცხრანივე დაეჭიდნენ და ვერ ამოაძრეს. შეეშინდათ დევებს და გადაიხვეწნენ იმ ადგილიდან. მივიდა ასფურცელა, დაათვალიერა სახლი. ერთ ოთახს კლიტე ედო, გატეხა კლიტე, შევიდა შიგნით და ნახა ცხრა მზეთუნახავი ქალი. გაუღო კარები: - წადით, თქვენ თქვენი გზა ნახეთ, ახლა თავისუფლები ხართო! ქალები არ წავიდნენ. შემოეხვივნენ ასფურცელას და ეუბნებიან: არა ჩემი ქმარი უნდა იყო და არა ჩემიო. ასფურცელას ყველაზე ნაბოლარა მოეწონა და შეირთო.

ასფურცელას ნადირობა მოუნდა და გაემგზავრა სანადიროდ. როდესაც ინადირა, დაეძინა. ამ დროს ცხრა დევმა ნახა, მოსაკლავად ვერ გაიმეტეს და თვალები დასთხარეს. გაუშვეს ისევე ტყეში. დადის ასფურცელა. იარა, ცოტა იარა თუ ბევრი, გავიდა ერთ მინდორზე. ყვირილი შემოესმა. რომ მიუახლოვდა ასფურცელა, გაიგო - კამეჩი ჩავარდნოდათ ღელეში მეხრეებს და ვერ ამოჰყავდათ. მივიდა ასფურცელა მეხრეებთან, უთხრა: ისე მიმიყვანეთ ნაპირას, რომ შიგ არ ჩავვარდე და მე ამოვიყვან კამეჩსაო. მეხრეებმა უთხრეს: - შვიდუღელა საქონლით ვერ ამოვიყვანეთ, შენ როგორ ამოიყვანო. მართლაც დააყენეს ნაპირას. ჩასწვდა ასფურცელა კამეჩს, დაავლო ხელი და მაღლა შემოისროლა. ეს კამეჩი სულ ქუცმა-ქუცმად დაიბნა.

მეხრეებში იყო ერთი კაცი, რომლის ქალიშვილებიც ტყვეობაში ჰყავდა იმ ცხრა დევს. ასფურცელამ თავისი ამბავი აუხსნა მეხრეებს. მაშინ ენიშნა ეს სიტყვები. ამ კაცმა უთხრა ასფურცელას: ჩემთან წამოდი, თვალებს მე აგიხელო. წაიყვანა, წამალი გაუკეთა, წაუსვა თვალებზე და მოურჩინა. ასფურცელა გამოემშვიდობა ხალხს და გასწია თავისი სახლისაკენ: მივიდა, ნახა ცოლი და დაიწყეს ბედნიერი ცხოვრება.

ჭირი იქა, ლხინი აქა;

ქატო იქა, ფქვილი აქა.





გველადქცეული მზეთუნახავი



იყო და არა იყო რა, იყო ერთი პატარა ბალღი. მას შრომა არ უყვარდა, პურის ჭამაში კი მაგარი იყო. ეს ბიჭი როცა გაიზარდა, ჯარში წაიყვანეს. ჯარში ის შესანიშნავი კაცი გახდა, საყოჩაღოთ გაითქვა სახელი. ყველას შეუყვარდა. ტანადობით და შეხედულებითაც იმ სახელმწიფოში ყველას სჯობდა. ორი წლის მერე ძალიან მოუნდა მშობლების ნახვა და მეთაურს შეეხვეწა, სახლში დამითხოვეო. მეთაურებს ძალიან უყვარდათ და არ ეთმობოდათ, მაინც დაითხოვეს. ბიჭი შეჯდა შეკაზმულ ცხენზე და გაუდგა გზას. ერთხელ გზაზე დაუღამდა და ერთი უღრანი ტყე ჰქონდა გასავლელი. როცა გაიარა ეს ტყე, ნახა ერთი უზარმაზარი მინდორი და ტყის პირას შუაღამისას ენთო დიდი ცეცხლი. იქ არაფერი ჩანდა სხვა, მაგრამ ცეცხლიდან მოისმოდა ქალის ხმა: მიშველეთ, მიშველეთ, მიშველეთო!

ბიჭი მივიდა ახლოს და დაუძახა: - როგორ გიშველო, შენ ცეცხლში ხარ, მე ნაპირზე და არცა სჩანხარო. - ამ დროს ცეცხლიდან გადმოხტა წითელი გველი და ბიჭს შემოეხვია, პირი კი ყელზე მიადო და უთხრა: - დიდი ხანია შენ დაგეძებ და ძლივს გიპოვეო. ბიჭი გაუდგა გზას. გზის პირას შეხვდათ ერთი სახლი. გველი შემოეხსნა და უთხრა: - მიდი, ამ სახლში დაიძინე ამაღამ, დილაზე გამოდი და ისევ გავუდგებით გზასაო. ეს ბიჭი შევიდა სახლში, მაგრამ არ დაუძინია. ცოტა ხნის შემდეგ ბიჭმა იფიქრა, ახლა იმ გველს ან ეძინება, ან სხვაგან იქნება წასულიო და გავეპარებიო.

გამოვიდა გარეთ და გამოსწია. როგორც კი გზაზე გამოვიდა, გველი ეტაკა და ისევ შემოეხვია. - თუ დასვენება არ გინდა, ახლა მე გაჩვენებ სეირსაო, და გაუყენა გზას. მიადგნენ ერთ მაღალ კოშკს. გველი შემოეხსნა ბიჭს და მზეთუნახავ ქალად იქცა. ამ კოშკში ორი სხვა ქალიც იყო, ნაგველარის დები. ქალმა ბიჭი აიყვანა კოშკში და მასზე დაინიშნა. ერთი კვირის შემდეგ ბიჭმა სთხოვა ცოლს. - დიდი ხანია მშობლები არ მინახავს, გამიშვი და ისევ მალე მოვალო. - ცოლმა უთხრა: - დაგითხოვ, მხოლოდ აქედან ცოცხალი წახვალ და იქიდან მკვდარი მოხვალო. მისი ცოლი გულთმისანი იყო. ერთი ისეთი ხანჯალი გაატანა, რომ ვისზედაც ეტყოდა, თუნდაც მილიონობით ხალხი ყოფილიყო, ყველას თავებს დასჭრიდა.

ეს ბიჭი შეჯდა ცხენზე, ხანჯალიც წაიღო და გაუდგა გზას. დაუღამდა ხელმწიფის სახლის ახლოს. მივიდა ხელმწიფის სახლში და იმ ღამეს იქ დარჩა, ამ ხელმწიფეს ჰყავდა ერთი ლამაზი ქალი. ამ ქალს უყვარდა სხვა სახელმწიფოს ხელმწიფის შვილი და იმ ბიჭსაც უყვარდა ქალი, მხოლოდ ქალის მამას არ მოსწონდა სასიძო. მეორე დღეს ბიჭი საომრად უნდა მოსულიყო თავისი ჯარით და ეს ქალი გაეტაცათ. ამ ქალის მამას ახლად მოსული ბიჭი მოეწონა სასიძოდ და უთხრა კიდეც: შენ ჩემი სიძე გახდი თუ გავიმარჯვეო. ხვალ სხვა მეფის შვილი მოდის ჩემი ქალის მოსატაცებლადო და ჩხუბს მიპირებსო. ბიჭმა იმედი მისცა: - ნუ გეშინია, მე მარტოკა ვეომებიო.

მართლაც, მეორე დღეს ამ სახელმწიფოს მოადგა დიდი ჯარი. ეს ბიჭი მარტოკა გამოვიდა საბრძოლველად. უბრძანა თავის ხანჯალს: იმ ბიჭის გარდა, რომელსაც ეს ქალი უყვარს, ყველას თავები დასჭერიო. ხანჯალმა აასრულა დავალება. ხელმწიფის შვილი დაღონდა და სირცხვილისაგან აღარ იცოდა რა ექნა, ერთმა ბიჭმა ამოდენა ჯარი როგორ დამიხოცაო. იმ ღამეს გამარჯვებული ქალთან დააწვინეს, ქალი შეეხვეწა, მითხარი, ამოდენა ჯარი როგორ დახოცეო. ბიჭმაც უთხრა ხანჯლის ამბავი. როცა ბიჭს დაეძინა, ქალმა მოჰპარა ხანჯალი და დამარცხებულს წაუღო. მეორე დღეს დამარცხებულმა ბიჭმა გამარჯვებულს ომი გამოუცხადა და იმ ხანჯლით მოკლა ეს ბიჭი, თვითონ კი ზესიძედ მივიდა. ამ ბიჭის გვამი ჩადეს ხურჯინში, ცალ მხარეს ქვები ჩააწყეს და ცხენს აჰკიდეს. ცხენმა მზეთუნახავების კოშკში მიიტანა. ცოლმა ამოიღო ხურჯინიდან მკვდარი ქმარი და გააცოცხლა. ახლა ბიჭი შეეხვეწა ცოლს, ისეთ ცხენად მაქციე, რომ გულთმისანი ვიყო, ლაპარაკი ვიცოდე და კარგი მოსაწონიც ვიყოო. ცოლმა მართლაც აქცია გულთმისან ცხენად.

ცხენი წავიდა იმ სახელმწიფოში, სადაც იგი მოკლეს. გავიდა ბაზარში, დაინახა ერთი გლახა, მივიდა ახლოს და უთხრა: - ბიჭო, მოდი ჩემთანაო. - გლახამ გაიგო ცხენი დამელაპარაკაო, შეეშინდა და გაიქცა. ცხენი გამოეკიდა, დაიჭირა და უთხრა: - შე, ბეჩაო, რას გარბიხარ, მოდი შემაჯექ, მავან ხელმწიფეს მიმყიდე, ათას თუმნად დამაფასე და მოგცემენო. გლახამ მართლაც წაიყვანა ცხენი და თავის ხელმწიფეს მიჰყიდა ათას თუმნად. ეს ცხენი მეფემ დააბა გრილოში. ცხენი როცა იმ ქალს დაინახავდა, რომელმაც ხანჯალი მოჰპარა, სულ თვალებში უყურებდა. ქალს შეეჯავრა ცხენი და უთხრა ქმარს, დავკლათო. მართლაც, გადაწყვიტეს ცხენის დაკვლა. აქა ჰყავდათ ათი წლის გოგო, რომელსაც ცხენი ძალიან უყვარდა, ეს ამბავი რომ გაიგო, მივიდა ცხენთან ტირილით და უთხრა: - ვაიმე, ჩემო ცხენო, დღეს უნდა დაგკლანო, - თან თვალებზე ხელს უსვამდა. ცხენმა ჰკითხა: - უნდა დამკლანო? - ქალმა ცხენის ლაპარაკი რომ გაიგო, შეეშინდა და უკან გადახტა. ცხენმა უთხრა: - როცა დამკლავენ, შენ ახლოს მოდი; შენსკენ ერთი წვეთი სისხლი გადმოვარდება, აიღე მიწიანად და თქვენს ბაღში ჩამარხეო.

ცხენი დაკლეს და გოგო ისეც მოიქცა. რამდენიმე დღის შემდეგ სისხლდამარხულ ადგილას ამოვიდა ერთი დიდი ძირი ვაშლის ხე. იგი ზამთარ-ზაფხულ სულ მწიფე ნაყოფს ისხამდა. როცა ქალი ხესთან მივიდოდა, ის ხე ერთბაშად შეირყეოდა, ვაშლი ჩამოცვიოდა და ქალს თავში რახარუხს აუტეხდა. თუ ქალი ზედ ავიდოდა, მაშინვე ტოტები უტყდებოდა და დაბლა ვარდებოდა. ამ ქალმა ვაშლიც შეიძულა და ქმარს შეეხვეწა, მოვჭრათო. პატარა გოგომ ესეც გაიგო, გაიქცა ვაშლთან ტირილით და უთხრა: - ვაიმე, ჩემო ვაშლო, უნდა მოგჭრანო. ვაშლმა ჰკითხა: - უნდა მომჭრანო?

ქალს ვაშლის დალაპარაკებაზე შეეშინდა და უკან გახტა. ვაშლმა უთხრა: - როცა მომჭრიან, ერთი ნაფოტი შენსკენ გადმოვარდება, აიღე და მაგათ აბანოში ჩააგდეო. როცა ვაშლი მოჭრეს გოგო ეგრეც მოიქცა: ნაფოტი აბანოში ჩააგდო. ნაფოტი ბატად იქცა. ცოლ-ქმარმა რომ დაინახეს ბატი, დაიხადეს ტანისამოსი, ის ხანჯალით იქ დადეს, და შევიდნენ ბატის დასაჭერად. ბატმა შორს გაიტყუა, მობრუნდა, თვითონ გამოვიდა ნაპირზე და ისეთ ბიჭად იქცა, როგორიც წინათ იყო. ჩაიცვა ტანისამოსი, ხანჯალიც აიღო, დახოცა ცოლ-ქმარი და თვითონ წავიდა ცოლთან. მერე თავისი მშობლებიც იქ გადაიყვანა და იცხოვრეს ტკბილად.

ჭირი იქა, ლხინიაქა,

ქატო იქა, ფქვილი აქა.





გაუცინარი ხელმწიფე



იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, იყო ერთი გაუცინარი ხელმწიფე. თავის დღეში ის გაცინებული არავის ენახა და გაუცინარს იმიტომ ეძახდნენ.

ხელმწიფეს სამი ვაჟი ჰყავდა; ვაჟებს გაუცინარი ხელმწიფის შვილებს ეძახდნენ. ერთხელ ძმებმა თქვეს: წავიდეთ, ვკითხოთ ჩვენს მამას, რად გვეძახიან გაუცინარი ხელმწიფის შვილებსაო? წავიდნენ მამასთან საკითხავად. ჯერ უფროსი ვაჟი შევიდა. მამამ ჯამით ღვინო მიაწოდა და უთხრა: - ჯერ ეს დალიე, მერე ერთ სილას შემოგკრავ და გეტყვიო! - აიღო ვაჟმა ჯამი და დალია. შემოჰკრა სილა ხელმწიფემ და ქოჩორზე დაატრიალა: - წადი და მერე გეტყვიო! ახლა შუათანა შვილი შევიდა. - რა გინდაო? - ჰკითხა ხელმწიფემ. - გაუცინარი ხელმწიფის შვილებს გვეძახიან და რათა ხარ გაუცინარი, მითხარიო, - უთხრა შვილმა. - აბა, დალიე ეს ჯამი ღვინო და მერე გეტყვიო! აიღო ვაჟმა ღვინო და დალია. ხელმწიფემ სილა გაარტყა და ქოჩორზე დაატრიალა: წადი, მერე მოდი და გეტყვიო! - უთხრა შვილსა. წავიდა ძმებთან. ძმებმა ჰკითხეს: - რა გითხრაო? - წადი და მერე გეტყვიო.

ახლა უმცროსი ძმა წავიდა. - რა გინდაო? - ჰკითხა გაუცინარმა. - ჩვენ გაუცინარი ხელმწიფის შვილებს გვეძახიან და რათა ხარ გაუცინარიო? - მიაწოდა ხელმწიფემ ჯამით ღვინო და უთხრა: - აბა, დალიე ეს ჯამი ერთ სილას შემოგკრავ და მერე გეტყვიო! ჩამოართვა ჯამი ღვინო და დალია. შემოჰკრა ხელმწიფემ სილა, მაგრამ ფეხიც ვერ მოაცვლევინა.

- დამკარ მეორე და მითხარიო! - უთხრა შვილმა. შემოჰკრა კიდევ მეორედ გაუცინარმა, მაგრამ კიდევ ვერ მოაცვლევინა ფეხი.

- დამკარ მესამედ და მითხარიო! - უთხრა კიდევ გაუცინარს შვილმა. შემოჰკრა კიდევ მესამედ სილა, მაგრამ მაშინაც ვერ მოაცვლევინა ფეხი. მერე უთხრა: - წადი და ჩემი თავის ტოლა ბროწეულები მომიტანეო. სადაც იდგა, ისიც ასწავლა და უთხრა: მიხვალ და მოიტან, გეტყვი ჩემს ამბავსაო! ძმებთან მივიდა. ძმებმა უთხრეს: - რა გითხრაო - ჩემი თავის ტოლა ბროწეულები მომიტანე და მაშინ გეტყვიო.

იარეს, ბევრი იარეს და ტრიალ მინდორზე გავიდნენ; გზაგასაყარზე ნახეს, ერთი ქვა იდგა, ქვაზე ეწერა: აქეთ წახვალ - მოხვალ, აქეთ წახვალ - მოხვალ, ასე წახვალ - ვეღარ მოხვალო.

უფროსი ძმა იქით წავიდა, საითაც მოვიდოდა, შუათანა იქით წავიდა, საითაც მოვიდოდა, უმცროსი იქით წავიდა, საითაც ვეღარ მოვიდოდა. ბევრი იარა უმცროსმა, თუ ცოტა იარა, დაინახა შავი ჯარი, სულ ცხენოსანი. ბიჭმა იმედი გადაწყვიტა და სთქვა: ახლა კი მოვკვდებიო. დაიწერა პირჯვარი და გასწია ჯარისაკენ. ახლოს რომ მივიდა ჯართან, ნახა --გაქვავებული ლაშქარია, გასცდა და წავიდა.

ცოტა ხნის შემდეგ შორს წითელი ცხენოსანი ჯარი დაინახა; შეშინდა: ახლა კი მოვკვდებიო, და დაიწერა პირჯვარი. მიუახლოვდა და დაინახა, რომ წითელი ცხენოსანი ჯარი გაქვავებული იყო. გასცდა ამასაც და გაიარა. მერე თეთრი ცხენოსანი ჯარი ნახა.

ბევირ იარა, თუ ცოტა იარა, დაინახა ერთი ციხე; მისი წვერი ცამდე იყო აწვდილი! ციხის ძირს ბროწეული იდგა. ბროწეულს ხუთი თავის ტოლა ბროწეულები ება, ჩავიდა გაუცინარი ხელმწიფის შვილი, მოსწყვიტა ბროწეულები. ერთი შეჭამა, სამი ჯიბეში ჩაიდო და ერთიც ზედ შეარჩინა.

გამოიხედა ქალმა ციხიდან და დაუძახა: - ვაიმე, შვილო, რა ჩემს შვილსა ჰგავხარ, აქ ვინ მოგიყვანაო? ბინძური დევი მოგკლავსო. - მე მანდ უნდა ამოვიდე და რაც მომივა, მომივა, - უთხრა გაუცინარი ხელმწიფის შვილმა ქალსა. ქალმა თმა გამოუკვანჯა და ჩაუშვა. შეხტა ვაჟი, სტაცა მას ხელი და ავიდა ციხეში. ქალმა დამალა: რომ მოვიდეს და გნახოს, მოგკლავსო. გაუცინარი ხელმწიფის შვილმა სთხოვა: - როგორმე გაიგე, ჰკითხე, რაში არის იმის სული და მერე მე ვიციო. მოვიდა დევი და სთქვა: - ხორციელის სუნი მომდისო! - არაო, - უთხრა ქალმა, - აქ ადამიანს რა უნდა, შენ თვითონ მოგყვებოდაო. ჩამოეკიდა ყელზე ქალი ბინძურ დევს და დაუწყო სურვილება: - ძალიან მიყვარხარ, უშენოდ ვეღარ ვძლებ, როდესაც შენ აქ არა ხარო. მითხარ, რაში არის შენი სულიო?

- ჩემი სული ცოცხში არისო, - უთხრა ბინძურმა დევმა. ბინძური რომ სანადიროდ წავიდა, ქალი ადგა და მორთო ცოცხი ათასნაირად, შემოახვია ბაღდადები და ფარჩები, მიიტანა და ლოგინზე დადო.

მოვიდა ბინძური დევი, ნახა ცოცხი და დაიწყო სიცილი: - მოგატყუე, განა მართლა მაგ ცოცხში არის ჩემი სულიო?! ჩემი სული დედაბოძში არისო. წავიდა ბინძური დევი ისევ სანადიროდ. აიღო და გარეცხა და გაწმინდა დედაბოძი, მორთო და მოკაზმა, ეხვევა და ესურვილება. მოვიდა ბინძური და ნახა ცოლი რა ამბავშია. - მაგას რასა შვრებიო? - ჰკითხა. - შენ სულს ვეხვევიო! - რამ გაგასულელაო, - უთხრა ბინძურმა სიცილით, - ჩემ სულს შენ ვინ მოგცემს, ამა და ამ ალაგას რომ ერთი ტახია, იმის თავში ერთი კოლოფია, იმაში სამი ჩიტია: წითელი ღონეა, თეთრი - გონება და შავი - სულიო! - ვინ მოჰკლავს იმას, არი ვინმე იმისთანაო? - იმას ვევრფერი მოჰკლავს, თუ ჩემ შარდში ნაწრთობი ისარი არ მოხვდაო, - უპასუხა ბინძურმა.

წავიდა თუ არა ბინძური დევი სანადიროდ, ადგა გაუცინარი ხელმწიფის შვილიც, აიღო ორი პური და წავიდა მჭედელთან. გააკეთებინა ოცი ლიტრის მშვილდ-ისარი, მოსწია და მოდრიკა. გააკეთებინა ორმოცისა, მოსწია და მოდრიკა, ბოლოს სამოცისა გააკეთებინა, მოსწია მშვილდი, მაგრა იდგა. მჭედელს უთხრა: - შენ არ აწრთო, საწრთობელ წყალს მე თვითონ მოგიტანო. წავიდა და გამოიტანა ბინძური დევის შარდი, აწრთო მჭედელმაც მშვილდ-ისარი. გადიგდო გაუცინარ ხელმწიფის შვილმა მხარზე და გაუდგა გზას ღორის საძებნელად.

იარა, იარა და მივიდა იმ წყალზე, სადაც ტახი წყალსა სვამდა. წყალზე ქალი იჯდა და ტიროდა. რა გატირებსო? - ჰკითხა ვაჟმა, - რად იტკენ მაგ მშვენიერ თვალებსაო? - თუ ქრისტიანი ხარ, წადიო! - უთხრა ქალმა, - დრომ მოაწია, ღორი მოვა, უნდა შემჭამოსო. თურმე ღორს ყოველდღე თითო ქალი ჰყავდა გადადებული შესაჭმელად. ვაჟმა უთხრა: შენ იმისი ნუ გეშინია, ახლა სულ ცოტას დავიძინებ და დავისვენებ, შენ მუხლზე მივდებ თავს და, როდესაც ტახი მოდიოდეს, ერთი სილა შემომკარი და გამომაღვიძეო.

დაიძინა გაუცინარი ხელმწიფის შვილმა. გავიდა ცოტა ხანი და გამოჩნდა ღორიც; ილესავდა კბილებს და ქაფსა ჰყრიდა. ქალმა ვაჟს შესძახა, შემოჰკრა სილაც, მაგრამ ტყუილად! ტირის ქალი, ტირის, დედამიწა იწვება მისი ცოდვით. უცებ ქალის ცრემლი დაეცა ვაჟს და ცხრა პირი კანი ასძვრა. წამოხტა ვაჟი, მოავლო მშვილდ-ისარს ხელი და ესროლა ღორს, ესროლა და ერთს გვერდში ნაკრავი მეორე გვერდში გაჩნდა. წაიქცა ღორი და დალია მაშინვე სული. მოსჭრა სასწრაფოდ თავი, გაჩეხა და ამოიღო იქიდან ყუთი. ყუთში ჩიტები იყვნენ.

ჯერ ჯანს წაგლიჯა თავი და მერე გონს. სულის ჩიტი კი ცოცხალი წამოიყვანა და წავიდა კოშკში.

სანადიროდ იყო ბინძური დევი; გაეგო გრძნობით, რომ ღორის თავს უბედურება რაღაცა არისო და წამოსულიყო საჩქაროდ. მაგრამ ამ დროს მოასწრო ვაჟმა და ღონის ჩიტსაც თავი მოსწყვიტა.

ბინძურს ძალა აღარ ჰქონდა და ძლივსძლივობით მიეთრია კოშკთან. მივიდა და დაეგდო კოშკის ძირას; აღარაფერი არ შეეძლო. დაინახა ზევიდან ქალმა, ჩამოვიდა, დაუჯდა თავით და დაუწყო კითხვა: - რა გჭირს, ჩემო სიცოცხლევ, რა დაგემართაო? მოვიდა ვაჟიც და დაუჭყივლა ბინძურს: - რას უდგიხარ, ძაღლო, ადე, დაიკარგე მანდედანო! მითხარი, სად არის შენი ცხოვრებაო, ან ის ჯარები რომ გაგიქვავებია, მათ რაღა გააცოცხლებსო? მაშინ დევმა უთხრა: - წადი, მაღლა ადი, იქ სამი მათრახია, ერთი თეთრი, ერთი წითელი და ერთიც შავიო. შავი მათრახი შავ ჯარს დაჰკარი, წითელი წითელს და თეთრი თეთრსაო. ჯარები გაცოცხლდებიან და შენი ყმები იქნებიანო - მასწავლე ლოცვაცაო - უთხრა ვაჟმა. ასწავლა ბინძურმა ლოცვაც. - შენი სიმდიდრე რაშიღა არისო? - ჰკითხა ვაჟმა. - აი, ეს გასაღები წაიღე, სულ ნაპირის ოთახი გააღე და ჩემი სხოვრება იქ არისო, - უთხრა ბინძურმა. წავიდა ვაჟი, გააღო კარი და სამი წყეული კი დახვდა. - ოჰ, ეს რა კარგი საქმეა ჩვენთვისაო! - თქვეს წყეულებმა. ვაჟმა უთხრა: - ცოტა ხანს აქ იყავით, გარეთ გავალ და ისევ შემოვალო. გამოვიდა და გამოიკეტა გარეთ კარი, მივიდა დევთან და ჰკითხა: - იქ რისთვის შემიყვანე, იქ წყეულებმა კინაღამ შემჭამესო. - არაო, - უთხრა ბინძურმა, - შენ წადი, ესა და ეს ოთახები გააღე, იქ თვალ-მარგალიტია, ის წყეულები შენ აღარაფერს გიზამენ, რაკი ნათელი აჩვენეო; აჰკიდე მათ და წაიღეო. ადგა ბიჭი, გააღო ოთახები, აუარებელი თვალ-მარგალიტი წამოიღო და წამოვიდა, წამოიღო თან ის ბროწეულებიც. მივიდა იმ ქვასთან, გზის გასაყარში რომ იდო, დაჯდა იქა და დაისვენა. გაუცინარი ხელმწიფის შვილს ძმები იქ დახვდნენ. ამოიღო ბროწეულები და თითო-თითო დაურიგა. ძმებს შეშურდათ: ჩვენი მოტანილი ბროწეულლები წვრილებია და მაგის მოტანილი მსხვილებიო. ადგნენ და ღალატი დაუპირეს. მაინც ერთად წავიდნენ. გზაზე წყალი მოსწყურდათ. ერთი ჭალა იყო; იმ ჭალას ეძახდნენ ბულაყს. მივიდნენ ძმები ბულაყთან და წყალი უნდა ამოეღოთ. ჯერ უფროსი ძმა ჩაუშვეს. ცოტა რომ ჩაუშვეს, ყვირილი მორთო: ამწით, ამწით, დავიწვიო. ამოსწიეს და ამოიყვანეს. ახლა შუათანა ძმა ჩაუშვეს, მანაც ისე დაიწყო ყვირილი. ამოსწიეს და ისიც ამოიყვანეს. უმცროსმა ძმა თქვა:

- მე ჩამიშვით და რამდენიც ვთქვა "დავიწვიო”, იმდენი ძირს ჩამიშვითო. ჩაუშვეს უმცროსი ძმა და დაიძახა: "დავიწვიო” და უფრო ჩაუშვეს. ჩავიდა ვაჟი და დალია წყალი. ჯერ წყალი ააწოდა ძმებს, ახლა თვითონ მოიბა წელზე, მაგრამ შუა გზაზე გადაჭრეს ძმებმა თოკი და ჩააგდეს ძირს. წამოვიდნენ ძმები, წამოიღეს ბროწეულები და მოუტანეს მამას. - მესამე ძმა რაღა უყავითო? - ჰკითხა მამამ. - არ ვიცით, არ გვინახავსო, - უპასუხეს ძმებმა. - აბა, მაშ შენ გზაზე რა ნახეო? ჰკითხა მამამ უფროს შვილს. - არაფერიო, - უპასუხა შვილმა. დაუძახა ახლა შუათანას და მასაც ისე ჰ კითხა. არც არაფერი მინახიაო, უთხრა მანაც. გაჯავრდა ხელმწიფე, მაშინვე გაგზავნა ნაზირ-ვეზირი და გაატანა ჯარი. წავიდა ჯარი, ბევრი ეძებეს და ბოლოს ბულაყში იპოვეს. ამოიღეს და წამოიღეს შინ მკვდარი.

ხელმწიფემ უფლის ხელსახოცი წაუსვა თუ არა, ვაჟი მაშინვე გაცოცხლდა. გაუცინარმა ისეთი გაიცინა, რომ მიწა შეინძრა, ცა გაიხსნა და იქიდან აუარებელი ოქრო-ვერცხლი გადმოიბნა. მაშინ ხელმწიფემ უთხრა: - რა უყავი ბროწეულებიო? - მე წამოვიღე, ცოტათი მახსოვსო, - უთხრა შვილმა. - მაშ რა ნახე, შვილო, გზაზედაო? - ჰკითხა მამამ. შვილმა ყველაფერი უამბო, რაც ნახა: გზაზე შავი ცხენოსანი ჯარი იდგა გაქვავებული,, იმის იქით წითელი და იმის იქით თეთრიო. გავიარე კიდევ და ერთი ციხე ვნახე, წვერი ცამდინ ჰქონდა აწვდილი და სამი ფანჯარა ჰქონდაო. იმ კოშკის ძირში ერთი ბროწეული იდგა და ეს ბროწეულები იმაზე დავკრიფეო. - მაშ, იქ ქალი კი ვერავინ ნახეო? - ჰკითხა ხელმწიფემ. - ვნახეო, - უთხრა ვაჟმა. მაშინ უთხრა ხელმწიფემ: - შვილო, გაუცინარს იმიტომ მეძახიან, რომ ის ქალი ჩემი ცოლია, იმ ბინძურმა დევმა მომტაცა და ის შავი ცხენოსანი ჯარი, ის წითელი და ის თეთრიც ჩემია და იმან გამიქვავაო. ახლა მოდი შენა და გაიცინე, ვისაც იმოდენა დაგიკარგავსო. ადგა მაშინვე ვაჟი, წავიდა კოშკში, მოჰკლა ბინძური, წამოიყვანა დედა, წამოიღო მათრახები, ერთი ერთ ჯარს გადაჰკრა, მეორე მეორესა, მესამე - მესამესა, გააცოცხლა და წამოვიდა შინ მშვიდობით.

ჭირი იქა, ლხინი აქა.

ქატო იქა, ფქვილი აქა.

ელასა, მელასა,

ჭიქა მეკიდა ყელასა;

მთქმელსაც და გამგონებელსაც

ძილი გაამოთ ყველასა!

კატეგორია: ხარისხი მაღალი | დაამატა: nika2002
ნანახია: 745 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

გამოკითხვა

რომელი ფეხბურთელი მოგწონთ ?
სულ პასუხი: 74

საათი

მინი-ჩეთი

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
//gadmoweranika.ucoz.com/. | Free sport templates